ახალი ამბები
აბაშის მერია უფასო სასადილოსთვის 80 000 ლარს დახარჯავს
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ მზრუნველობა მოკლებული მოქალაქეებისთვის უფასო კვებით უზრუნველსაყოფად 80 000 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი ითვალისწინებს 50 ბენეფიციარის ყოველდღიური (13:00-15:00), ერთჯერადი კვების ორგანიზებას.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კვების მომსახურების გარდა, შესაბამისი ფართით, ავეჯითა და სამზარეულო ინვენტარით უზრუნველყოფის ვალდებულებაც ექნება.

რაც შეეხება კვების მენიუს, ჩამონათვალი კვირის დღეების მიხედვით ასე გამოიყურება:

ორშაბათი: ბორში, ჰერკულესის ფაფა, ხილის კომპოტი, პური.

სამშაბათი: ბრინჯიანი წვნიანი, მაკარონი ხორცით, ხილის კომპოტი და პური.

ოთხშაბათი: ბარდის წვნიანი, წიწიბურას ფაფა, ხილის კომპოტი და პური.

ხუთშაბათი: ქათმის ჩახოხბილი, ვერმიშელი ყველით, ხილის კომპოტი და პური.

პარასკევი: ვერმიშელის წვნიანი, შემწვარი თევზი, ხილის კომპოტი და პური.

შაბათი: მაკარონის წვნიანი, ქიშმიშიანი ბრინჯის ფლავი, ხილის კომპოტი და პური.

კვირა: ლობიოს წვნიანი, შილა ფლავი, ხილის კომპოტი და პური.

"ბენეფიციარის მოთხოვნისამებრ მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს როგორც ადგილზე კვება, ასევე კონკრეტული დღის ულუფის სახლში გატანება, ხოლო სადღესასწაულო დღეებისთვის მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებით ხელშეკრულების 4 %-ის ოდენობით ბენეფიციარებისთვის შეარჩევს საჩუქრებს", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დასრულდება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება აღნიშნული მომსახურება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულოს.


ფოტო: აბაშის მუნიციპალიტეტის მერია

Print