ახალი ამბები
აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 23 პირის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გამოაქვეყნა.

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათი ახლობლების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წარმომადგენლები და ICRC-ის ექსპერტები", - ვკითხულობთ ICRC - საქართველოს ოფიციალურ გვერდზე.

ამავე ინფორმაციით, 2023 წელს, 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი გადაეცა დაღუპულთა ოჯახებს და 2024 წელსაც გაგრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების, სასამართლო-სამედიცინო საქმიანობისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროცესი.

"უმნიშვნელოვანესია თავად ამ ოჯახების ჩართულობა აღნიშნულ პროცესებში, რათა მათი მოსაზრებები იყოს გათვალისწინებული და ისინი ინფორმირებულები იყვნენ სამომავლო გადაწყვეტილებების შესახებ", - განაცხადა ან მონტავონმა, ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 273 ადამიანის ნეშტი. დღეისათვის, 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 1870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება დაკარგულად.



ფოტო: International Committee of the Red Cross Georgia • ICRC საქართველო
Print