ახალი ამბები
ხაიშელები სახანძრო-სამაშველო პუნქტის მოწყობას ითხოვენ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობა სახანძრო-სამაშველო პუნქტის მოწყობას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 77-მა ხაიშელმა განცხადებით მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.

ხაიშის მკვიდრი, ზურა ნიჟარაძე ამბობს, რომ ლახამულა, ნაკრა, ჭუბერი, ხაიში და იდლიანი საკმაოდ დაშორებულია რაიონის ცენტრს, რაც ხელს უშლის ადგილზე სახანძრო დახმარების დროულ მისვლას და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ დროულად გადაჭრას ეს პრობლემა. 

"არ გავა ისეთი პერიოდი, განსაკუთრებით, ზამთარში, ხანძარი არ მოხდეს ამა თუ იმ მთებში. კატეგორიულად ვითხოვთ, მოგვარდეს პრობლემა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახანძრო წერტილი ერთი იყოს ხაიშის თემში, რომელიც მოემსახურება ქვედა ზონის სოფლებს იმისათვის, რომ დაცულები ვიყოთ ხანძრისგან. აგრეთვე იქნება ბრიგადები, რომლებიც პერმანენტულად ადგილებზე, შეისწავლიან საკვამლე მილების, ელექტროგაყვანილობის მდგომარეობას, რაც იქნება ერთგვარი პრევენცია ხანძრის საწინააღმდეგოდ", -  ამბობს ნიჟარაძე TI-ის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში. 

ხანძრის შემთხვევაში, ხაიშის თემის სოფლებამდე სამაშველო ეკიპაჟს მესტიიდან ან ჯვარიდან უწევს გასვლა, რაც შემთხვევის ადგილამდე 50-60 კილომეტრის გავლას გულისხმობს. 

როგორც ორგანიზაციის გვერდზე ვკითხულობთ, ისინი მოუწოდებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გამონახოს შესაბამისი რესურსები და 2024 წელს სოფელ ხაიშში ააშენოს სახანძრო-სამაშველო პუნქტი.

Print