ახალი ამბები
გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს.

პრეზიდენტი მომხდარს აფასებს, როგორც რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა - ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75 წლის იუბილე!“- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მომხდარზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.

“კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს. დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც შევხედით, რომ ოკუპაცია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას გულისხმობს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობა არის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპაცია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - თქვა პაპუაშვილმა.

ოჯახის ინფორმაციით, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, 43 წლის თემურ კარბაიას, ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.


ამავე თემაზე:


ოჯახის ინფორმაციით, გალში “მილიციის” მიერ ცემის შედეგად საქართველო მოქალაქე გარდაიცვალა


Print