ახალი ამბები
მართმსაჯულების სახლის გახსნა ზუგდიდში, არარსებულ საზღვართან ახლოს, ძალიან მნიშვნელოვანია - ზურაბიშვილი
ზუგდიდში "მართლმსაჯულების სახლი" გაიხსნა. ღონისძიებას ცენტრის დამფუძნებელი ეკა ბესელია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრნენ. პრეზიდენტმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა, კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ისაუბრა ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე.

"ეს არ არის პატარა საქმე, ამაზე დიდხანს ვიმსჯელებთ მომავალში, თუ რას ნიშნავს და რას მოითხოვს ჩვენგან. ეს ძალიან ბევრს მოითხოვს, არაფერი არ ხდება მარტივად და ალბათ, ესეც არ მოხდა მარტივად. ამასაც სჭირდება მომზადება, სჭირდება ხალხისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინტერესი, რადგან ინტერესი და ნება თუ არ არსებობს რამე საქმის მიმართ, მაშინ ეს გადადის რაღაც ინერციაში, ხდება არასაინტერესო და არაქმედითი. ამიტომ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ ქალაქში, ამ რეგიონში იყოს პირველი ფილიალი იმიტომ, რომ სასამართლო, მართლმსაჯულება არის ალბათ ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს, რისი არარსებობაც ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას, ზოგჯერ კი ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის. არა ეკონომიკური და ყოფითი საკითხები, უფრო უსამართლობა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო აუცილებელია ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

"იმედი მაქვს, რომ ვნახავთ მომავალ წლებში დამოუკიდებელ სასამართლოს, რადგან ეს არის სტატუსის მთავარი მოთხოვნა. ამის მონაწილეები იქნებით ყველანი, ამისთვის ამ ფილიალის არსებობა არის მნიშვნელოვანი.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორედ აქ, იმ არარსებულ საზღვართან ახლოს, რომელიც არ გვყოფს, გვაერთიანებს, რადგან არ შეიძლება ჩვენი დაყოფა. ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს, ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით, როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს", - განაცხადა საუბრის დასასრულს პრეზიდენტმა.

"მართლმსაჯულების სახლი" 2021 წელს დაარსდა და ის სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრია.


Print