ახალი ამბები
სოხუმში დაბადებულმა სუსლოვმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელმოწერები ვერ შეაგროვა

სოხუმში დაბადებულმა, 44 წლის ალექსანდრე სუსლოვმა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დასაყენებლად 500 ხელმოწერა ვერ შეაგროვა, წერს „ეხო კავკაზა“, გამოცემა SOTA - ზე დაყრდნობით.


ამავე ცნობით, სუსლოვის საინიციატივო ჯგუფის კრება მოსკოვში, სასტუმრო „იზმაილოვოში“გაიმართა. მან 100 ამომრჩევლის ხელმოწერა შეაგროვა, ღონისძიებას კი 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

სუსლოვი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ არჩევის შემთხვევაში, 1კგ ოქრო და 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა ოჯახს, რომელსაც ბავშვი გაუჩნდებოდა. ახლა ის პარტია „მდიდარი ხალხის“ შექმნის იდეას განიხილავს.

სუსლოვის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მომავალი პოლიტიკოსის ბავშვობა 12 წლის ასაკში დასრულდა, როდესაც აფხაზეთის ომის გამო, მას ყველაფრის დატოვება და სოხუმიდან გამგზავრება მოუწია.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. რუსეთის კონსტიტუციაში 2020 წელს შეტანილი ცვლილებებით, რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, არჩევნებში მეხუთედ შეუძლია მონაწილეობა.


 

Print