ახალი ამბები
ასოციაცია "ათინათმა" საუკეთესო თანამშრომელი დააჯილდოვა
ასოციაცია "ათინათმა" 2023 წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე საუკეთესო თანამშრომლად მთავარი ბუღალტერი ჯილდა ჯიქია დაასახელა. მას შესაბამისი სერთიფიკატი და პრიზი "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარემ რუსუდან ყალიჩავამ გადასცა.

"ორგანიზაციას აქვს შეფასების კითხვარი, რომელშიც ჯილდამ საკმაოდ მაღალი ქულები დაიმსახურა. ის, როგორც მთავარი ბუღალტერი, არაერთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, მათ შორის, დანერგა ახალი სისტემები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციის პროფესიულ და ფინანსურ გამჭვირვალობას", - აღნიშნა რუსუდან ყალიჩავამ.

თავის მხრივ, "წლის საუკეთესო თანამშრომელმა" განმარტა, რომ ტიტული მისთვის დამატებითი მოტივაციის მიმცემია.

"ეს ტიტული არის ჩემთვის, პირველ რიგში, მოულოდნელი, რადგან, როგორც ვიცით, ეს პროფესია და საქმიანობა არის ყველასთვის შეუმჩნეველი მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს შრომას და მოთმინებას მოითხოვს. ასევე, ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია ასეთი დაფასება, რამაც კიდევ უფრო შემაყვარა ჩემი საქმიანობა და მეტი ენთუზიაზმით და შემართებით გავაგრძელებ მუშაობას 2024-ში", - თქვა ჯილდა ჯიქიამ.

შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.











Print