ახალი ამბები
ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადასცა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ე.წ. პარლამენტის მიერ გამთენიისას მიღებულ კანონებს მოაწერა ხელი. ამრიგად, ასლან ბჟანიამ დაამტკიცა ბიჭვინთის „საბჭოთა აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემა, წერს „ეხო კავკაზა“.

ამავე ცნობით, გარდა ამისა, დამტკიცდა „კონსტიტუციური კანონი“ „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის, შეთანხმების განხორციელების ღონისძიებების და მისი გამოყენების წესი შესახებ“.

მასში ნათქვამია, რომ „შეთანხმების“ მოქმედების პერიოდში „კანონი“ კრძალავს დოკუმენტში მითითებული ობიექტების, მიწის ნაკვეთების და საზღვაო ტერიტორიების, აგრეთვე შენობების, ასევე იმ ნაგებობების, რომლებიც მომავალში აშენდება ობიექტის ტერიტორიაზე, მესამე პირებზე გადაცემას.

ობიექტების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც მოქმედებს.

"კანონის" თანახმად, მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა გულისხმობს: „რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შეწყვეტას, მის დენონსაციას და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას“, ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა „სამოქალაქო კოდექსში“ შეიტანეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც „უცხო სახელმწიფოს შეიძლება მიენიჭოს მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების, არსებული კოდექსისა და მიწის კანონმდებლობის შესაბამისად“.

გამოცემის ცნობით, ცვლილებები შევიდა „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონშიც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „თუ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება ადგენს სხვა ნორმებს, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კონსტიტუციური კანონებით არის გათვალისწინებული, მაშინ მოქმედებს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონებით გათვალისწინებული ნორმები“;
„აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს დენონსაციის გზით, თუ მისი განხორციელება ზიანს აყენებს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ წესრიგს“.

მანამდე ოპოზიციონერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა „პარლამენტის“ გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

დღეს გამთენიისას, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი "სახელმწიფო აგარაკი" და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ, საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს შეთანხმებით ნაკისრი პირობების შესრულებას.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, "მართლმსაჯულების სახლის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიჭვინთის შეთანხმება არის არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.



Print