ახალი ამბები
ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა უკანონოა - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ შეთანხმების რატიფიკაცია არის უკანონო ქმედება და ოკუპაციის

პოლიტიკის გაგრძელება.


უწყების ცნობით, ამით უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.

"საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი", - ვკითხულობთ სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

ამავე განცხადებაში, საგარეო უწყება, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

დღეს გამთენიისას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელსაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა.

 

Print