ახალი ამბები
სახალხო დამცველმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიკაციას ანტიკონსტიტუციური უწოდა
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება და რუსეთისთვის გადაცემა, არის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთ, საგანგაშო მცდელობას.

"აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში.

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება", - მითითებულია სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება უკანონო ქმედება და ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა.

დღეს გამთენიისას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელსაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა. 

Print