ახალი ამბები
გაგრის ნაპირზე გარიყული თევზი დელფინების ნადირობას უკავშირდება - დბარი
სოციალური ქსელის აფხაზურ სეგმენტში გავრცელდა ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო, რომელზეც ჩანს გაგრის სანაპიროზე გარიყული თევზები. ამბავს აფხაზი ეკოლოგი რომან დბარი გამოეხმაურა, რომელიც მომხდარს დელფინებს უკავშირებს, წერს გამოცემა "აფსადგილ ინფო".

"ასეთი რამ ჩვეულებრივ დელფინებთან ასოცირდება, ისინი წვრილ თევზებზე ნაპირთან ახლოს ნადირობენ და თუ ამ დროს ზღვაზე ტალღებია, თევზი ხშირად ნაპირზე გამოირიყება, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის თევზი. ამ შემთხვევაში, პატარა კეფალია, მისი ლიტერატურული სახელწოდებაა მახვილცხვირა კეფალი", - განმარტა მან.

დბარმა სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თევზი ნაპირზე ფეიერვერკების გამო გამოირიყა, მცდარი უწოდა. მისი თქმით, ფეიერვერკს ამაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. მისივე თქმით, კეფალის ეს სახეობა, რომელიც შავ ზღვაში ბინადრობს, 20 – 25 სანტიმეტრამდე იზრდება, ხოლო გაგრის ფენომენი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული - თევზის სიმრავლეზე, ზედაპირულ წყლებში მათ კონცენტრაციაზე, ტალღებზე და დელფინების, როგორც შავის ზღვის ერთადერთი მსხვილი მტაცებლის, ორგანიზებულ ნადირობაზე.

"ეს საკმაოდ ხშირად ხდება, როცა ბევრი თევზია. ამ სიტუაციაში რამდენიმე ფაქტორი უბრალოდ დაემთხვა. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე ათეული კილოგრამი თევზი ნაპირზე გამოირიყა. ხალხმა შეიტყო ამის შესახებ და სწრაფად შეაგროვეს", - უთხრა სპეციალისტმა ჟურნალისტებს.

დბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში აფხაზეთის სანაპიროებთან კეფალის რაოდენობა იზრდება და მომხდარი მათ პოპულაციაზე არსებითად არ იმოქმედებს.


Print