ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს და ის წარდგენილი 64 მილიონ 450 ათასი ლარით განსაზღვრა.

კენჭისყრის პროცედურამდე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის მცირე სიტყვიერი კამათი იყო. ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარემ მაია კალანდიამ თქვა, რომ 2012 წლიდან დღემდე, დოლარის კურსისა და არსებული ფასების გათვალისწინებით, ბიუჯეტი მხოლოდ, დაახლოებით, მილიონით გაიზარდა.

“იმისთვის, რომ დროულად მიეწოდოთ ყველა სერვისი ადგილობრივებს, მცირე, მაგრამ საჭირო, ვალდებულებას ვიღებთ, მხარი დავუჭიროთ პროექტს. პოლიტიკური კეკლუცობისთვის დრო არ გვრჩება. დროს ვიტოვებთ, რომ ვიბრძოლოთ და გავისტუმროთ ხელისუფლება, რომელმაც 11 წლის განმავლობაში ვერ გაზარდა ბიუჯეტი მილიონზე მეტად”,-აღნიშნა კალანდიამ.

მის საპასუხოდ ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ ქადარიამ კალანდიას შესთავაზა, ბიუჯეტი არა დოლარში, არამედ, ლირაში გადაიყვანოს.

“ამაზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ათეული წლებია ამ სფეროში საქმიანობენ და კომპეტენტურები არიან. ლირაში გადაიყვანეთ და იქნებ, დამშვიდდეთ”,-მიმართა ქადარიამ ოპოზიციონერ საკრებულოს წევრს.

საკრებულოს თავმჯდომარემ გახარიას პარტია “საქართველოდან” განმარტა, რომ კომისიური განხილვები ყველა დონეზე გაიმართა.

“რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია არაა გათვალისწინებული, არაა ეს ბიუჯეტი იდეალური, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტურად და რაციონალურად გავხარჯავთ მას. დაკარგული შემოსავალია, მაგალითად, პარკირებისთვის გათვალისწინებული თანხა, თუმცა გვექნება დრო და საკრებულოს თანხმობის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება. შენიშვნები გვქონდა და გვაქვს ააიპ-ების ხარჯვით ნაწილზეც… მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ბიუჯეტი აუცილებელია სამსახურების ფუნქციონირებისთვის”,-აღნიშნა ფარულავამ.

საკრებულოს წევრებსა და დამსწრეებს მიმართა მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, ასევე, მერის მეორე მოადგილემ მაიზერ ნანავამ, რომელმაც დასძინა, რომ
მომავალ წელს რეგ.ფონდიდან დამატებით ხუთ მილიონთან ერთად სხვა თანხაც არის გათვალისწინებული ურბანული განვითარებისა და ადმინისტრაციული პროექტებისთვის.

საბოლოოდ, ბიუჯეტი წარმოდგენილი ორივე ოპოზიციური ფრაქციის - “საქართველოსთვის” და “ნაციონალური მოძრაობის” 15 წევრისა და “ქართული ოცნების” 17 წევრის მხარდაჭერით დამტკიცდა.

სხდომას არ დაესწრო პარტია “ენმ”-ში დარჩენილი 8 წევრი.


ამავე თემაზე:

საკრებულოში ბიუჯეტის განხილვას არ ესწრება ფრაქცია ენმ-ს ნაწილი, რომელიც პარტიაში დარჩა

მერია საგზაო ჯარიმებიდან ორ მილიონამდე ლარის შემოსავალს ვარაუდობს
Print