ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის მიწების გადაცემა რუსეთისთვის, უკანონო და ბათილია - ევროკავშირის წარმომადგენლობა
"გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა და დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ქმედება, რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რითაც დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის მცდელობა დაგმო და ფაქტს უკანონო უწოდა.

Print