ახალი ამბები
ნოქალაქევის სამუშაოების შემსრულებელს ზედმეტად აუნაზღაურდა 277.8 ათასი ლარი - სახელმწიფო აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის ანგარიშზე დაყრდნობით, ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი.

აუდიტის მიხედვით, საქმე ეხება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 - 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობას, რომელშიც ნოქალაქევის კომპლექსზე სამუშაოს შემსრულებელს 277.8 ათასი ლარით ზედმეტი გადაუხადეს.

"შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც გაფორმდა ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტო პირობებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებები და შესაბამისად, საკონტრაქტო ფასები გაზრდილია 422.4 ათასი ლარით", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ინფორმაციით, სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა სააგენტოს მიერ წარიმართა არათანმიმდევრულად, რითაც წარმოიშვა ერთი და იმავე სახის მომსახურებების ორმაგად ანაზღაურების რისკი.

ნოქალაქევში კომპლექსური სამუშაოები, რომელიც 2016 წელს დაიწყო, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. მას სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროექტი საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.


Print