ახალი ამბები
მოსახლეობის მომდევნო აღწერა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება - საქსტატის ხელმძღვანელი
საქართველოში მომდევნო საყოველთაო აღწერის ჩატარება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.

ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ანგარიშის წარდგენისას, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღწერის ქოლგის ქვეშ იგეგმება სოფლის მეურნეობის აღწერის ჩატარებაც. მან აღნიშნა, რომ საქსტატი მომდევნო აღწერას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქაღალდის კითხვარების გარეშე ჩაატარებს.


„პირველი ათი დღის განმავლობაში, ჩვენ თვითრეგისტრაციის მეთოდით ჩავატარებთ აღწერას, ანუ თითოეულ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია. ვინც ამას არ გააკეთებს, შემდეგ იმ კატეგორიის მოსახლეობას მიაკითხავენ ჩვენი აღმწერები პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით და შეიყვანენ მონაცემებს“, - განმარტა თოდრაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის აღწერა არჩევნებთან კავშირში არ არის და წინასწარი შედეგები კი კვლევის ჩატარებიდან დაახლოებით, 6 თვეში გამოქვეყნდება.

„ჩვენ არავითარ პოლიტიკურ აქტივობაში არ შევალთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ჩვენი თითოეული ქმედება მიმართულია იქით, მომხმარებლებში გავამყაროთ რწმენა, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი, ჩატარებული ნებისმიერი აქტივობა იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული ნებისმიერი პირისგან განყენებული. შესაბამისად, თუ ჩვენ რაიმე კვლევას ჩავატარებთ, ის არავითარ შემთხვევაში არ გახდება საფუძველი არანაირი პოლიტიკური აქტივობისა, შესაბამისად, არჩევნებთან არანაირი შემხებლობა არ გვექნება“, - თქვა თოდრაძემ. 

საქსტატის თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ 2015 წლის 10 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, წევრმა სახელმწიფოებმა „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“ უნდა ჩაატარონ სულ მცირე ერთი აღწერა საერთაშორისო და რეგიონული რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობის და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად განისაზღვრა 2015 - 2024 წლების პერიოდი.

ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.








Print