ახალი ამბები
ჭაქვინჯის ციხის მდგომარეობა ადგილზე შევისწავლეთ - ზუგდიდის მერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ჭაქვინჯის ციხის რესტავრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით რადიო "ათინათთან" განაცხადა, რომ მერიის წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს რისკები და აცნობეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მონიტორინგი და ვითარების პირველადი შეფასება.
ამ ეტაპზე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის სტაბილიზაციისა და რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიდის სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა", - განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.

დღეს, 11 საათზე სოფელ ჯიხაშკარში ოცდაათზე მეტი ახალგაზრდა ჭაქვინჯის ციხის რესტავრაცია-კონსერვაციის მოთხოვნით შეიკრიბა. მათი თქმით, ჭაქვინჯის ციხის კედლები ყოველდღე იშლება, რაც ადგილობრივებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის, დაზიანებულია ელექტრობოძები და იქვე მცხოვრები ოჯახის საკარმიდამო მიწა.



ფოტო: Georgian Travel Guide
Print