ახალი ამბები
რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთის მკვიდრი ხერსონში დაიღუპა - მედია
უკრაინაში, ხერსონის ოლქში, დაიღუპა რუსეთის მხარეს მებრძოლი, აფხაზეთის მკვიდრი, დავით საბეკია. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა "სპუტნიკს" განუცხადა "აფხაზეთში დონბასის მხარდაჭერისა და დახმარების გაერთიანებული შტაბის" ხელმძღვანელმა ვადიმ მირონენკომ.

ამავე ცნობით, საბეკია რუსეთის შეიარაღებული ძალებში მსახურობდა.

გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში დონბასიდან სოხუმში გადაასვენეს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების, 31 წლის შამილ დასანიას, 35 წლის მარზაყან აჩბას და 38 წლის თემურ ხარიაშვილის ცხედრები.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ისინი "დონბასის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში" დაიღუპნენ.

მათივე მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთის მხარეს მებრძოლი თერთმეტი აფხაზი მოხალისის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

Print