ახალი ამბები
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება - მთავრობა
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.

მთავრობის ინფორმაციით, ბენეფიციარებს გლაუკომის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2), პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მიმდინარე წლის იანვრიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შმმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 390, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის შშმ პირებისთვის 195 ლარამდე იზრდება.

„მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
Print