ახალი ამბები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ბალდის კანიონიზე ჩასვლას გეგმავენ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სააგენტოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ კანიონზე მივლენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აქტიური კომუნიკაციით, ბალდის პროექტთან დაკავშირებით განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ასევე მისი ეკოტურისტული პოტენციალის გამოვლენა და გათვალისწინება. შეფასება განხილული იქნება ყველა დაინტერესებული ექსპერტის და მხარის ჩართულობით. ჩვენ დასკვნებს მივაწვდით როგორც მოსახლეობას, პირისპირ შეხვედრის დროს, ისე დაინტერესებულ მხარეებს საკონსულტაციო საბჭოს შემდგომ შეხვედრაზე“, - განაცხადა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მშენებლობას ადგილობრივების ნაწილი, თვეებია, აპროტესტებს. ბალდელები განმარტავენ, რომ მსგავსი პროექტის განხოციელება მხოლოდ ადგილობრივებთან განხილვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

ბალდის კანიონი, რომელიც ბუნების ძეგლია, აუქციონის წესით, 20 - წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით სწორედ „კანიონი 350“-ს გადაეცა.

სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

კანიონის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2023 წლის აპრილის თვიდან დაიწყო. პროექტის დაწყებამდე კი შეისწავლეს ბუნების ძეგლის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური კომპონენტი, რათა ბუნების ძეგლზე ინფრასტრუქტურის მოწყობა უსაფრთხო ყოფილიყო.
Print