ახალი ამბები
პუტინს ბიჭვინთის აგარაკის "დაბრუნება" სთხოვეს - ღია წერილი აფხაზეთიდან
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ერთ - ერთი სამოქალაქო ორგანიზაციის "ეროვნული რესურსების" ხელმძღვანელი ციზა გუმბა რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს , რომელშიც ვლადიმერ პუტინს ბიჭვინთის აგარაკების "დაბრუნებას" სთხოვს.

მიმართვაში ის წერს , რომ "აფხაზეთი ააღელვა" რუსეთისთვის ამ "განსაკუთრებით ღირებული მიწის ნაკვეთის" - ბიჭვინთის აგარაკის გადაცემამ, რომელსაც "ისტორიული, ეკოლოგიური და კულტურული მნიშვნელობა აქვს  მრავალტანჯული აფხაზი ხალხისთვის".

გუმბას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება "პუტინის ზურგს უკან" მიიღეს და ამ ნაბიჯებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სოხუმისა და მოსკოვის ინტერესებს.

"ჩვენ არ გვჯერა, რომ გადაწყვეტილებები, რომელთა გამო, შესაძლოა ჩრდილი მიადგეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის კარგ და პარტნიორულ ურთიერთობებს, მიღებულია თქვენი ნებართვით. გვეჩვენება, რომ თქვენს ზურგს უკან გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც, სამწუხაროდ, შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენი ორი სახელმწიფოს ინტერესებს", - წერს იგი.

გუმბა ამტკიცებს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს, რითაც მოსახლეობას უნერგავს აზრს, რომ სწორედ რუსეთი მოითხოვდა დაჟინებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო ვინც "მთავრობას" არ ეთანხმება, ანტირუსულ განწყობებში ადანაშაულებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ავტორი საუბრობს რუსეთის როლზე და ხაზს უსვამს, რომ "აფხაზ ხალხს ყოველთვის ახსოვს, რა ფასდაუდებელი დახმარება გაუწია  მათ რუსეთმა და ამასვე აგრძელებს" . 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი, "გამოჩენილი მსოფლიო ლიდერი", გაგებით მოეკიდება "აფხაზეთის უზარმაზარი დაცული ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას და ტკივილს". ის დარწმუნებულია, რომ მხოლოდ პუტინის "ავტორიტეტულ" სიტყვას შეუძლია შეაჩეროს "დაძაბულობის ზრდა აფხაზეთში".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა , რომ მკაცრად გმობს რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. 



Print