ახალი ამბები
მოქვის საკათედრო ტაძრის ახალი სახურავის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, - ანქვაბი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ცოტა ხნის წინ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა.

"მოქვის საკათედრო ტაძრის ახალი სახურავის მშენებლობა თითქმის დასრულებულია", – განუცხადა ანქვაბმა შეხვედრის მონაწილეებს, წერს "აფსნიპრესი". 


მისივე ინფორმაციით, ამჟამად მომდინარეობს "მოსამზადებელი სამუშაოები მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის – ბედიის ტაძრის სახურავის გამოსაცვლელად".


მღვდელმა ვისარიონ აპლიამ, სასულიერო პირების სახელით, მადლობა გადაუხადა "პრეზიდენტს" და "პრემიერ-მინისტრს" ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და "ზოგადად, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭიროებებზე ზრუნვისთვის". 

მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოქვის ტაძარი, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში მდებარეობს და მეათე საუკუნეშია აგებული, დანგრევის პირას არის.

2021 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ალბომში, სათაურით, "ოკუპირებული მემკვიდრეობა", გააერთიანა აფხაზეთში არსებული ტაძრების ძველი და ახალი ფოტოები. სააგენტოს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში შემორჩენილი 151 საკულტო დანიშნულების ნაგებობიდან - 145 მართლმადიდებლური ეკლესიაა.

ამავე ცნობით, 89 ნაგებობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მხოლოდ არასრულყოფილი ცნობები არსებობს. მათი დიდი ნაწილი სრულად დანგრეულია ან მძიმე მდგომარეობაშია. დანგრევის საფრთხე მხოლოდ ათამდე ნაგებობას არ ემუქრება. ზოგიერთი მათგანი, რუსულ ყაიდაზე, თეთრად არის გადაღებილი.




Print