ახალი ამბები
აფხაზი "დეპუტატები" საწვავის მიწოდების პრობლების გადასჭრელად, რუსეთის დუმას მიმართავენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პარლამენტმა " შესაძლოა დახმარებისთვის მიმართოს სახელმწიფო დუმას, მათთვის რუსეთიდან საწვავის მიწოდების საკითხის მოსაგვარებლად. ამის შესახებ 18 იანვარს გამართულ სხდომაზე აფხაზმა "დეპუტატმა" ბადრიკ ფილიამ განაცხადა, წერს "აფსნიპრესი".
აღინიშნა, რომ 21 დეკემბრიდან "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე" უმოქმედოდ დგას აფხაზური კომპანიების მიერ არა "როსნეფტისგან", არამედ სხვა კომპანიებისგან შეძენილი საწვავი. "დეპუტატებმა" ასევე განიხილეს "რუსეთიდან აფხაზეთში საწვავის მიწოდების ალტერნატიული გზები" და ხაზი გაუსვეს, "ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სწრაფად მიღების მნიშვნელობას".

ფილიამ დასძინა, რომ საუბარია "არაერთი აფხაზური კომპანიისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების შეზღუდვის კომპლექსური პრობლემაზე".

ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში მხოლოდ ის ბენზინგასამართი სადგურები მოქმედებს, რომლებიც "როსნეფტისგან" ყიდულობენ საწვავს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთს მიმართავს დახმარებისთვის, "რესპუბლიკის ნავთობპროდუქტებით შეუფერხებლად მომარაგების საკითხთან დაკავშირებით".
1 იანვრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა.

მანამდე, "ეკონომიკის მინისტრმა" ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში საწვავის "იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან", რომელიც კომპანია "როსნეფტს" და მის შვილობილ კომპანიებს სოხუმსა და ცხინვალში ნავთობპროდუქტების "ექსპორტის" ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. მისივე განმარტებით, მომწოდებლებს შეუძლიათ პირდაპირ დადონ ხელშეკრულება "როსნეფტთან" და უზრუნველყონ ნავთობპროდუქტების შემოტანა რესპუბლიკაში.

გამოცემის ცნობით, "აფხაზეთის საწვავის ასოციაციაში" აცხადებენ, რომ "როსნეფტთან" პირდაპირი კონტრაქტების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა, ითხოვენ, რომ სხვა მომწოდებლებთან ხელშეკრულებების დადების უფლებაც მისცენ.

Print