ახალი ამბები
აფხაზეთში 86 ათასი აბონენტიდან, 22 ათასია გამრიცხველიანებული, - „ჩერნომორენერგო“
კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა, საიდ ბლაბბამ განაცხადა, რომ „2024 წლის ბოლომდე აფხაზეთში 30 ათასი მრიცხველი დამონტაჟდება“. ამის შესახებ, მან რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა „სპუტნიკს“ უთხრა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დე ფაქტო რესპუბლიკაში „ჩერნომორენერგოს“  86 ათასი აბონენტიდან, 22 ათასია გამრიცხველიანებული.

„იქ, სადაც უკვე დამონტაჟებულია მრიცხველები, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მაჩვენებელი 72 -73% - მდე გაიზარდა. ყველა აბონენტის გამრიცხველიანების შემთხვევაში კი ის 80% - ს მიაღწევს“, - დარწმუნებულია აფხაზი ენერგეტიკოსი. ამასთან, ბლაბბა დასძენს, რომ აბონენტები, რომლებსაც ჯერ არ დაუყენებიათ მრიცხველები და არ დაუფარავთ 2023 წლის დავალიანება, 2024 წელს ელექტროენერგიის საფასურს ძველი ტარიფით გადაიხდიან.

უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, ქრისტინა ოზგანის განცხადებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის ნაკადის მისაღებად სოხუმმა 835 მილიონი რუბლი გადაიხადა. მისივე თქმით, "75 მილიონის გამოკლებით, თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან გამოიყო".  მისივე თქმით, 2020 წლიდან 2023 წლამდე რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოდა ჰუმანიტარულ საფუძველზე, წელს კი "აფხაზეთის მთავრობამ თავად უნდა გადაიხადოს რუსული ელექტროენერგიის საფასური".

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მაშინ განაცხადა, რომ "აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, გადაიხადონ მისი საფასური".

უფრო ადრე, ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ  ზამთრის თვეებში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 60/40-ზე პრინციპით განაწილდება.

მანამდე აფხაზურმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გასული წლის 22 დეკემბერს ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ენგურჰესის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამავე ცნობით, შეხვედრაზე "აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი განიხილებოდა". რამდენიმე დღეში, აფხაზმა "მინისტრმა" თავადვე დაადასტურა ინფორმაცია ქართულ მხარესთან შეხვედრის შესახებ.

"ენგურჰესის კაშხალზე ნამდვილად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც 2024 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები განიხილებოდა. ჩვენ ასევე დავაზუსტეთ ჩვენი პოზიცია ვარდნილ ჰესების აღდგენის თაობაზე - აფხაზურმა მხარემ მათი აღდგენის გეგმები წარადგინა", - განუცხადა მან მედიას.

ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ქართულ-აფხაზური კონსულტაციების შესახებ კომენტარი სთხოვეს. მას შეხვედრის ფაქტი არ უარუყვია, თუმცა, სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

ზამთრის პერიოდში ენგურჰესი ძირითადად აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა, თუმცა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, სადაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% აფხაზური მხარის.



Print