ახალი ამბები
სოხუმის სამხატვრო გალერეაში 4000 - ზე მეტი ნამუშევარი დაიწვა
სოხუმში, ლაკობას ქუჩაზე მდებარე სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ , იუწყება „აფსნიპრესი“.

„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზის ფონდებში 4000 - ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა - შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. ეს არის გამოუსწორებელი დანაკარგი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“
, - განაცხადა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, 4000 ტილო ცეცხლმა გაანადგურა თუ წყალმა. სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, ობიექტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.

„დავდივარ და ვტირი. საშინელებაა. მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გაჩნდა. როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა. ყველა ნახატი დაიღუპა. ეს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანია“, - განაცხადა მან.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძრის შესახებ სიგნალი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მართვის პულტზე 03:38 საათზე შევიდა. მთლიანობაში ხანძარს აქრობდა მეხანძრეთა 11 რაზმი სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან. მათ ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ დილის 7.00 საათისთვის შეძლეს.


Print