ახალი ამბები
სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა - ზურაბიშვილი
„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში გაჩენილ ხანძარს.

პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

„სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც, როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია“, - ვკითხულობთ ზურაბიშვილის პოსტში.

მიმდინარე წლის 21 იანვარს, სოხუმში, სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა "ოქროს ფონდი". მასში ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა - შერვაშიძის 300 - მდე ნამუშევარი.

Print