ახალი ამბები
სოხუმის სკოლაში ნაღმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი
სოხუმის №2 სკოლასა და გუდაუთის სავაჭრო ცენტრ "ვავილონში" ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინების გავრცელებაში არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი, ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, ის მშობლებთან ერთად გადაიყვანეს სოხუმის  მილიციის სამმართველოში, წერს "აფსნიპრესი". 


დადგინდა, რომ მოზარდი დახურული ტელეგრამ არხების გამომწერი გახდა და მიმოწერა ჰქონდა, "რესპუბლიკის გარეთ მყოფ მოდერატორებთან." 

ე.წ. სუს - ის თანახმად, "ჯგუფის მონაწილეები უბიძგებდნენ მოზარდს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ". ახალგაზრდამ სკოლის შენობის ევაკუაცია და შემთხვევის ადგილზე სპეცსამსახურების მუშაობა გადაიღო, ვიდეო კი მოგვიანებით ტელეგრამ -არხზე აიტვირთა.

გამოცემა წერს, რომ ფაქტთან დაკავშირებით მასალების მოკვლევა გრძელდება "ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ" გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები " ჯგუფის მოდერატორების ვინაობისა და ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.

შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოხუმის მე - 2 სკოლა დანაღმულია "საგანგებოში" 19 იანვარს, 12 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სკოლის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს, შენობიდან კი მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მაშველები და სპეცსამსახურების თანამშრომლები, ასევე კინოლოგები მუშაობდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, კინოლოგებმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.



Print