ახალი ამბები
მარტვილის კანიონში შესვლა ძვირდება
2024 წლის 1 მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. ღირებულება იზრდება მარტვილის კანიონის შემთხვევაშიც.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები კანიონში შესასვლელად  10,35 ლარის ნაცვლად 12 ლარს გადაიხდიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარს.
ნავით გასეირნება კი 15-ის ნაცვლად 20 ლარად იქნება შესაძლებელი.

აქვე აღნიშნულია, რომ 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან, 6-18 წლამდე პირებისთვის კი ამ ადგილებზე შესვლის ფასი ისევ 5,5 ლარი იქნება.

სააგენტოში ფასების ცვლილების მიზეზად საქმიანობის უფრო ეფექტიანად გახდომის,  ასევე, გარემოსდაცვითი და ეკოტურიზმის მიმართულებების განვითარებისთვის აუცილებლი ხარჯების ზრდას ასახელებენ.


"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა/განვითარება, რომელიც დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13% შეადგენს.

სააგენტოს შემოსავლები ერთი მხრივ მიმართულია სწორედ ბუნების დაცვის მიმართულებით, მეორე მხრივ კი აქტიური სამუშაოები ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარების, არსებულის რეაბილიტაციისა და ახალი ობიექტების მოწყობის მიმართულებით.

აღნიშნული ხელს უწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ეფექტის ზრდას და ბუნების მდგრად მართვას.

2023 წელს, სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 22,5 მილიონი ლარი შეადგინა. სრულდება 1200 კმ-მდე სიგრძის ბილიკებისა და თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, მოეწყო 3D განათების მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ტერიტორიებზე და სხვ.

ეკოტურიზმის განვითარება და სიახლეების დანერგვა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცადებაში.

Print