ახალი ამბები
საცხოვრებელი ფართების მისაღებად დევნილების განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, რომელსაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს.

"საქართველოს მთავრობა, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 900 მილიონის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება",- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის განცხადებით, დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.
Print