ახალი ამბები
აფხაზეთის ნაწილს ელექტორენერგიაზე შეზღუდვები დაუწესდება - "ჩერნომორენერგო"
იანვრის ბოლომდე, აფხაზეთის რაიონების ნაწილს და სოხუმს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება, იტყობინება "ჩერნომორენერგო".

ენერგოკომპანიის პრესსამსახურის თანახმად, მიზეზად რუსული მხარე სამხრეთ რეგიონებში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას, ასევე როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე, ნოვოჩერკასსკის და დონბასის ენერგოსისტემაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ასახელებს. შესაბამისად, შეთანხმებული სიმძლავრის (300-340 მეგავატი) ნაცვლად, აფხაზური მხარე 240 მეგავატს მიიღებს. ამავე ცნობით, სიმძლავრის დეფიციტმა, შესაძლოა 80-100 მგვტ შეადგინოს.

"ჩერნომორენერგო" აცხადებს, რომ დეფიციტის შევსებას ვერც ენგურჰესის ხარჯზე შეძლებენ, ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო. აქედან გამომდინარე, "რუსეთთან შეთანხმებული მოცულობის სრულად აღდგენამდე", სავარაუდოდ, 26 - 31 იანვარს, "მარაოსებრი" გრაფიკი დაწესდება. 

2023 წლის ბოლოს სოხუმში განაცხადეს, რომ ზამთრის პერიოდში "აფხაზეთის მთავრობამ თავად უნდა გადაიხადოს რუსული ელექტროენერგიის საფასური".

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მაშინ განაცხადა, რომ "აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, გადაიხადონ მისი საფასური".

უფრო ადრე, ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ზამთრის თვეებში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 40/60-ზე პრინციპით განაწილდება.

უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.





Print