ახალი ამბები
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სოხუმში ჩასვლაზე უარი უთხრეს
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ მას უარი უთხრეს იანვრის ბოლოს სოხუმში ჩასვლაზე. ამის შესახებ ის წერს თავის განცხადებაში, რომელიც Jam News-მა 26 იანვარს გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის მანძილზე მას უკვე მეორედ უთხრეს უარი ოკუპირებულ რეგიონში შესვლაზე.

„ბოლო წლებში სულ უფრო მეტი შეზღუდვები დაწესდა ჩვენს მუშაობასა და გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობაზე“, - აღნიშნავს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.

ის დასძენს, რომ „აფხაზეთის შედარებითი გახსნილობა არ უნდა გახდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მსხვერპლი... პირიქით, ახლა საჭიროა მეტი, და არა ნაკლები პირდაპირი პირადი კონტაქტები, რათა გაიცვალოს შეხედულებები და შეფასებები ბოლოდროინდელ და მიმდინარე მოვლენებზე და განხილულ იქნას შემდგომი ურთიერთჩართულობის შესაძლებლობები“.

ტოივო კლაარი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი „მთავარ როლს ასრულებს დიალოგის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“ ზოგადად სამხრეთ კავკასიაში, ისევე როგორც თბილისსა და სოხუმს შორის.

„ამ კონტექსტში და ჩვენი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში... ევროკავშირი ხელს უწყობს ან აფინანსებს ჰუმანიტარული პროგრამების მნიშვნელოვან რაოდენობას აფხაზეთში უკვე ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში”, - აცხადებს კლაარი.

მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვა.

ტოივო კლაარი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებებისა და უთანხმოებებისა ზოგიერთ ძირითად საკითხზე, ისინი ყოველთვის ახერხებდნენ აფხაზურ მხარესთან „კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნებას და ჩართულობისთვის სივრცის უზრუნველყოფას ყველა იმ სფეროში, რაც აღნიშნა.

„როდესაც 2017 წელს დავიკავე ჩემი თანამდებობა, შთაგონებული ვიყავი აფხაზეთის პრაგმატიზმითა და გახსნილობით, მისი სამოქალაქო საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობით და ჩვენი თანამოსაუბრეების მზადყოფნით, ითანამშრომლონ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ამას არასოდეს მოჰყოლია არსებითი დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის იმ კონტექსტში, რომლის მხარდაჭერაც ჩვენ, როგორც ევროკავშირს შეგვეძლო“, - აღნიშნა მან.

კლაარი ამბობს, რომ ევროკავშირი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობაში მონაწილეობა გააგრძელებს.

მისი თქმით, საერთაშორისო ჩართულობისთვის სივრცის დახურვა ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის და, შესაბამისად, აფხაზეთისთვის დახმარების შეზღუდვა მხოლოდ გაამწვავებს იმ გამოწვევებს, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო“.

„მე ვერ ვხედავ, რამდენად არის ეს მოვლენები ვინმეს ინტერესში, განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში“, – წერს კლაარი და იმედოვნებს, რომ შეზღუდვები დროებითია და ეს პრობლემები მალევე გადაიჭრება.

2023 წლის ბოლოს სოხუმმა შეზღუდვები დააწესა საერთაშორისო და დასავლური ორგანიზაციების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამის მუშაობაზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.

იანვრის დასაწყისში აფხაზური ტელეგრამის არხები, ასლან ბჟანიას ე.წ. „ადმინისტრაციის“ წყაროზე დაყრდნობით, ამტკიცებენდნენ, რომ მზადდება რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის კანდიდატთა სია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კრიტიკა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლების მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცების ფონზე გაძლიერდა.



Print