ახალი ამბები
მოვითხოვთ, არ გამოიყენოთ "პროვოკაციული ტოპონიმი“ - „სოხუმი“, - დე ფაქტო საგარეო
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მილანა წვიჟბა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებას გამოეხმაურა.

დიპლომატმა მანამდე განაცხადა, რომ მას ორჯერ უთხრეს უარი სოხუმში ვიზიტზე.

მილანა წვიჟბას კომენტარი გამოქვეყნდა ტელეგრამ არხზე სათაურით „ტოივო კლაარის ქართული ოცნება“. ის აღნიშნავს, რომ კლაარის განცხადებამ "გამოავლინა მრავალი ფაქტი, რომელიც მიუთითებს კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკის წარუმატებლობაზე აფხაზეთში“.

მისი თქმით, „აღიარების გარეშე ჩართვის“ პოლიტიკის განსახორციელებლად, ევროპელი ფუნქციონერის განცხადება განსაკუთრებით ხაზს უსვამს აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგის სტიმულირების მნიშვნელობას „გამყოფი ხაზების ორივე მხარეს“. ვატყობინებთ ბატონ კლაარს, რომ ეს არ არის „გამყოფი ხაზები“, ეს არის სახელმწიფო საზღვარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

წვიჟბა ასევე მოითხოვს, რომ კლაარმა არ გამოიყენოს „ყალბი და პროვოკაციული ტოპონიმი“ - „სოხუმი“.

აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ფინანსური ურთიერთქმედების შესახებ კლაარის სიტყვებზე კომენტირებისას წვიჟბა აღნიშნავს, რომ ისინი, ფაქტობრივად, „ასრულებენ უცხოური აგენტების ფუნქციებს (მათ შორის, აშშ-ის მოქმედი კანონმდებლობის ტერმინოლოგიის შესაბამისად)“.

აქვე აღნიშნულია, რომ ტოივო კლაარი „უახლოეს მომავალში კიდევ უფრო იმედგაცრუებული იქნება“, რადგან უწყების „საგარეოს“ ხელმძღვანელი ინალ არძინბა „აფხაზეთის ეროვნული ინტერესების ხელყოფის მცდელობაზე“ კომენტარს გააკეთებს.

განცხადების თანახმად, სოხუმი აპირებს იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და იმედი აქვს „შედეგების მიღწევის აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თანაბარი დიალოგის პრინციპების შესაბამისად“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კრიტიკა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლების მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცების ფონზე გაძლიერდა.








Print