ახალი ამბები
ზუგდიდის მერია მარტოხელა ხანდაზმულთა ცხოვრების გაუმჯობესებისა და სოციალიზაციისთვის 24 993 ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მარტოხელა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი სოციალიზაციის ხელშესაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 993 ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, საუბარია დღის ცენტრის ორგანიზებაზე, სადაც 60 წლის ასაკს გადაცილებულ 10 ბენეფიციარს ყოველდღე (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 10:00 - დან 17:00 სთ -მდე მიეწოდება მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები. 

გამარჯვებული კომპანიის მიერ გასაწევი მომსახურება ითვალისწინებს: ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) ერთჯერადი კვების უზრუნველყოფას, სხვადასხვა სოციალური აქტივობების ორგანიზებას, ხანდაზმულთა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას. კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში კი, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.

ტენდერში წინადადებები 3-დან 5 თებერვლის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება 2024 წლის 1 მარტიდან ამავე წლის 1 დეკემბრამდე, შეასრულოს ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობები.

Print