ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანის მინისტრობის შემთხვევაში, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე რჩება
გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობით, საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება, ირაკლი ჩიქოვანის გამინისტრების შემთხვევაში, ზუგდიდს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში აღარ ეყოლება. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიული ყრილობის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.


"არჩევნები აღარ ჩატარდება იმიტომ, რომ საარჩევნო წელს ეს ასეა გათვალისწინებული და სამწუხაროდ, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება . უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენ მაჟორიტარები აღარ გვეყოლება, მაგრამ სიაში აუცილებლად გვეყოლება ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ყველა რეგიონს, სამეგრელოს, ზუგდიდს და ა.შ. ", - თქვა მდინარაძემ.

2020 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად დღეს დაასახელა. ახალ მინისტრთა კაბინეტს კენჭი დეპუტატებმა მომდევნო კვირის განმავლობაში უნდა უყარონ.



Print