ახალი ამბები
ისევ უცნობია, ვინ გახდება ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
20 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ გახდება ხელმძღვანელი.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ამ პოზიციაზე განაცხადი ორმა პირმა შეიტანა, მათგან ერთი ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა შეროზიაა. მან გვითხრა, რომ კონკურსში ისევ მონაწილეობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.

„პირველ რიგში, დასის მსახიობების ძალიან დიდი სურვილი იყო. ოთხი წელი ვიმუშავე, აქედან ორი წელი პანდემია იყო და თეატრის ფეხზე დაყენება, დაახლოებით, ორ წელიწადში მოვახერხეთ საკმაოდ მაღალი შედეგით. უკვე 18 სპექტაკლი აქვს თეატრს და ბევრი რამ დაგეგმილი გვქონდა, მათ შორის, დასის განვითარება, დასში მსახიობების დამატება, გასტროლები და ა.შ. რეალურად ძალიან ცოტა დრო მქონდა ისედაც... კომისიამ უნდა განიხილოს კანდიდატების მიერ შეთავაზებული თეატრის განვითარების ოთხწლიანი გეგმა, შეიძლება, დაიწუნონ ეს გეგმა, მოლოდინის რეჟიმში ვარ”, - თქვა შეროზიამ.

სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად მიმდინარე წლის 10 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსი, რომლის დროსაც წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ორი საკონკურსო განცხადება, 2023 წლის 31 ოქტომბერს ჩაიშალა. კულტურის სამინისტროს განმარტებით, ჯანსაღი კონკურენციისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად კონკურსი თავიდან გამოცხადდა.

მოგვიანებით, ლაშა შეროზიამ, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ზუგდიდის თეატრში ოთხი წელი იკავებდა, თქვა, რომ აღარ იცოდა, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ახლა მიმდინარე კონკურსში. ასევე, ამბობდა, რომ ამავე პერიოდს დაემთხვა თეატრის წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიპიარი გარკვეული ჯგუფების მხრიდან. საუბარია სპექტაკლის "დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი" ინტიმური ხასიათის სცენაზე, რასაც სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართ, როგორც თავად ამბობს, ცილისმწამებლური კამპანია მოჰყვა.
Print