ახალი ამბები
1 - ლი მარტიდან კომპანიები არასასურველ სარეკლამო SMS-ებს ვეღარ გაგზავნიან
პირველი მარტიდან შეიზღუდება აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანია.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი კანონი პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია "საკანონმდებლო მაცნეში", თუმცა გაზაფხულიდან კანონში ცვლილებების ნაწილი ამოქმედდება.

კანონი ეხება სარეკლამო შეტყობინებების გამგზავნ ნებისმიერ პირს, მიუხედავად იმისა, რეკლამა მობილურზე გაიგზავნება თუ ელექტრონულ ფოსტაზე.

ცვლილებების მიხედვით:

შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში;

სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შეიძლება ნებისმიერ დროს - კომპანია ვალდებულია 7 სამუშაო დღეში დააკმაყოფილოს მოთხოვნა;

შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელი უნდა იყოს მარტივი გზით.

თუ სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესი დაირღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა:

500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე - 2000 ლარი;

უფრო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3000 ლარი;

დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება.

პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, გამოიხმოს მიცემული თანხმობა.

პირველი ივნისიდან უკვე ძალაში შევა ვალდებულებები სხვა მიმართულებითაც.

ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

Print