ახალი ამბები
მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი მომავალი ეკუთვნის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებლებსაც - სალომე ზურაბიშვილი
"მინდა ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი მომავალი მხოლოდ ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ ეკუთვნის მათ, ვინც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ვეღარ იცავს ვერც ელემენტარულ ადამიანის უფლებებს, ვერც საკუთარ კულტურულ იდენტობას, ვერც ენას, და ვეღარც მიწებს ძალადობრივ გასხვისებისგან", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა.

სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა შეაფასა, როგორც შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისთვის შექმნილი საფრთხე.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარსდგა.

Print