ახალი ამბები
ასლან ბჟანიას „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გამო „კონსტიტუციის“ დარღვევაში ადანაშაულებენ
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ე.წ. პარლამენტში შეტანით, „კონსტიტუცია“ დაარღვია. ამის შესახებ ტელეგრამ - არხ „ОКНО“-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.  (არხი ეკუთვნით „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრს, ლიანა კვარჩელიასა და იურისტს, საიდ გაზერდავას), წერს „ეხო კავკაზა“.

სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტში“ „უცხოეთის აგენტის ფუნქციის შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ“ კანონპროექტი არღვევს „ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს, თავისუფლებებსა და პრინციპებს. სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, რწმენის თავისუფლებას, გაერთიანების უფლებას; მშვიდობიანი შეკრების, შეხვედრების, მსვლელობისა და დემონსტრაციების გამართვის უფლებას; კანონის წინაშე თანასწორობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპს“.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ „უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც თანამდებობის პირებს არ აძლევს უფლებას, თვითნებური გადაწყვეტილებები საკანონმდებლო ნორმად აქციონ. ტოტალიტარიზმის და ავტორიტარიზმის ქვეყნების ნიშანია, როცა კანონს აღიქვამთ საზოგადოებისთვის თვითნებურად თავს მოხვეულ „ბრძანებად“. პრეზიდენტი ბჟანია თავისი გადაწყვეტილებებით ხელს უწყობს, რომ ჩინოვნიკების განუკითხაობა სამართალსა და კანონზე მაღლა იდგეს. მეორე მხრივ, მსგავსი შინაარსის კანონპროექტის შეტანა აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში არ შეიძლება, რადგან არ შეესაბამება კონსტიტუციას - არცერთი კანონი, რომელიც აუქმებს ან აკნინებს ადამიანის თავისუფლებას, არ შეიძლება მიღებული იყოს და გამოიცეს აფხაზეთის რესპუბლიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, თავისი მოქმედებით ბჟანია არღვევს „მის მიმართ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას“.

„ასლან ბჟანია აფხაზეთის უახლეს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც რეპრესიული მექანიზმების რეანიმირებას ცდილობს.  განცხადების ავტორები თვლიან, რომ "კონსტიტუციის 64-ე“ მუხლის თანახმად, პრეზიდენტის ფიცის, კონსტიტუციისა და კანონის დარღვევისთვის " ის შეიძლება თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული“.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში 7 თებერვალს შეიტანა, რის შემდეგაც მოსკოვში გაემგზავრა და სერგეი ლავროვს შეხვდა.




Print