ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შედეგად, კომპანიებმა 96 703 744 ლარი მიიღეს - "საერთაშორისო გამჭირვალობა"
სამეგრელო-ზემო სვანეთში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საეჭვო ტენდერებიდან და გამარტვებული შესყიდვებიდან 96 703 744 ლარი მიიღეს. ამის შესახებ დოკუმენტი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა.

"კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას ამ ქვეყანაში მწვანე შუქი აქვს ანთებული", - წერია გავრცელებულ დოკუმენტში.

ინფორმაციის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორუფციის სავარაუდო შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

"მამუკა წოწერია, ზუგდიდის მერი - მასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან დაკავშირებული კომპანიები (შპს "როუდ პლიუსი" და შპს "ბილდინგ გრუპ 17) 2018 წლიდან დღემდე იმარჯვებენ ადგილობრივ შესყიდვებში. მათ ჯამში 28 938 985 ლარის ტენდერები მიიღეს. აქედან 12 129 286 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის.

ლაშა ჯაიანი, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი - მისმა კომპანიამ (შპს "ევრომშენი 999) შესყიდვებიდან 2016-2018 წლებში 1 628 151 ლარი მიიღო. კომპანიისაგან მომსახურებას, ძირითადად, ზუგდიდის მერია ყიდულობდა, ამ პერიოდში კი ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრიც იყო.

გოჩა კურდღელია, ფოთის ყოფილი მერი - მისი ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის, რამაზ გუჯაბიძის კომპანიამ - შპს "ხალიბმა" სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე 520 809 ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო.

ბადრი ნემსაძე, "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" ყოფილი დირექტორი - მისი და მეუღლის კომპანიებს 2011-2018 წლებში 692 223 ლარის შესყიდვები ჰქონდათ.

ნესტან ქარჩავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლი - მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა, რომლებიც ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან, 2012 წლიდან დღემდე 4 301 516 ლარის შესყიდვები მიიღეს. ასევე, დავით გოგუასთან და მმართველ პარტიასთან დაახლოებულები არიან ჯამბულ და სალომე პაპავები, რომელთა კომპანიას ამავე პერიოდში 1 080 842 შესყიდვები ჰქონდა.

ალექსანდრე ხერგიანი, მესტიის გამგებლის ყოფილი მოადგილე - მან ადგილობრივი მთავრობისგან 2014-2022 წლებში 243 034 ლარის შესყიდვები მიიღო. ამავდროულად ალექსანდრე ხერგიანი მესტიის მერის მოადგილის, ნელი ნავერიანის შვილის ბიზნესპარტნიორია შპს "ჰაწვალი 2015"-ში. ნელი ნავერიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლეა.

ბაჩუკი ნაკანი, მესტიის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს "ბუილდერ 21"-მა ადგილობრივი შესყიდვებიდან 1 212 404 ლარი მიიღო, მათ შორის 578 898 ლარი - ბაჩუკი ნაკანის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ.

მარიამ ნაკანი, მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი - მისმა ოჯახის წევრებმა 2013-2022 წლებში 405,187 ლარის შესყიდვები მიიღეს.

ვახტანგ გადელია, სენაკის მერი - მისი ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ - სს "არქეოპოლისმა" ვახტანგ გადელიას მერად არჩევის შემდეგ სენაკის მერიიდან 10 349 587 ლარის შესყიდვები მიიღო, ბიძაშვილის იოსებ გადელიას კომპანიამ შპს "ინდიკომ" კი 935 160 შესყიდვები.

დათო ადამია, სენაკის საკრებულოს წევრი - მისმა კომპანიამ 2011-2021 წლებში 6 779 143 ლარი მიიღო. 2021 წლის ივნისის შემდეგ კომპანიამ სახელი შეიცვალა, ეწოდა შპს "მენათი" და 2 458 106 ლარის შესყიდვები მიიღო. ამ თანხამ უკვე 9 237 249 ლარი შეადგინა.

ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ქართული ოცნებიდან" საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი. მისმა ძმამ 2018 წლიდან 145 966 ლარის შესყიდვები მიიღო, ხოლო მისმა მეგობარმა, ცაბუ გოგუამ ამავე პერიოდში მოიგო 289 583 ლარის ღირებულების ავტომობილების შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების მუნიციპალური შესყიდვები.

თემურ ღვინჯილია, წალენჯიხის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე - მასთან დაკავშირებულმა კომპნიამ - შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველომ" მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 5 106 732 ლარის შესყიდვები მიიღო". 

Print