ახალი ამბები
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებისთვის 435 000 ლარი გამოყო. შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ტერმინალის სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800 -900 მ2 და გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად 100 მგზავრის მომსახურებაზე. ასევე დასაპროექტებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაახლოებით 5000 მ2 ფართზე, სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი", - მითითებულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.

ტენდერში წინადადებების მიღება შესაძლებელი იქნება 23-დან 28 მარტის ჩათვლით და დაინტერესებულ პირებს წინადადების წარსადგენად 45 დღიანი ვადა ექნებათ.

გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი უნდა მოამზადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში.

Print