ახალი ამბები
გალელები „ბინადრობის მოწმობას“ 10 წლის ვადით მიიღებენ
გალის მცხოვრებლები „ბინადრობის მოწმობის“ მიღებას 5 - ის ნაცვლად, 10 წლის ვადით შეძლებენ. შესაბამისი ცვლილებები „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ე.წ. კანონში დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტმა“ 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას განმარტებით, „ეს პროცედურა ორი კვირის წინ ამოქმედდა“, თუმცა მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობისთვის, მათ სოფლის ე.წ. გამგებლებიც დააუწყეს. ინფორმაციას „გალ მედია“ ავრცელებს.

მისივე განმარტებით, გალელებს ახალი მოწმობის მიღება, ძველი, ვადაგასული დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ შეეძლებათ.

უფრო ადრე, 2022 წელს, „აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა“ ე.წ. ფორმა #9 - ის მოქმედების ვადა გაახანგრძლივა. ფილიას განმარტებით, ის გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ „პირს აფხაზეთის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის“ მიღება სურს.

დე ფაქტო ხელისუფლების 2022 წლის მონაცემებით, გალის რაიონში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 5 ათასამდე პირს მხოლოდ ერთი საბუთი აქვს - ფორმა #9, 1130 გალელს - „აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი“, ხოლო 21500 -ს - „ბინადრობის ნებართვა“.

სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს დროებითი დოკუმენტი, ე.წ. ფორმა #9 უნდა ჰქონდეთ ან "ბინადრობის მოწმობა" რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში აცხადებდნენ, მოქალაქე, სულ მცირე, „10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი".

Print