რეგიონი
დიზაინერმა მითხრა, თუ მოეწონებოდა, ნაომის ჩააცმევდა - მაკა ქაჯაია კაბის შექმნის დეტალებს იხსენებს
ზუგდიდელი ოსტატი მაკა ქაჯაია, რომელმაც დიზაინერ სილია კრიტარიოტის შექმნილ კაბაზე იმუშავა, იხსენებს, როგორ შეკერა დღენახევარში სწორედ ის კაბა, რომელიც პარიზის მაღალი მოდის ჩვენებაზე ტოპ მოდელს ნაომი კემპბელს ეცვა.

მაკა რადიო “ათინათს” უყვება, რომ მან დაზუსტებით არ იცოდა, ჩააცმევდა თუ არა ბერძენი დიზაინერი კემპბელს მის ამ ნამუშევარს. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, მოეწონებოდა თუ არა კაბა კრიტარიოტის.

“კაბას რაც შეეხება, დღენახევარში შევკერე. ჩემთან, ბინაში წამოღება მომიწია, რომ მომესწრო. ყველაზე ბოლოს ეს კაბა გაიგზავნა პარიზში. სილიამ პარიზში გამგზავრების წინ მომცა. მითხრა კიდეც, თუ მომეწონება ნაომის ჩავაცმევო… როგორც მითხრეს, კაბის შიგნით ქინძისთავების დამაგრება ნაომიმ მოითხოვა, ეს მისი რიტუალია ჩვენების წინ, თურმე. ადგილზე ნაომის რომ მოერგო, ელვა შესაკრავითან შეცვლა დასჭირდათ, რამდენადაც ვიცი. ჩვენება რომ ვნახე და ნაომი ამ კაბაში, როგორ კარგად ჰქონდა მორგებული, გამიხარდა, თუმცა მხოლოდ ჩემი მეგობრების და ახლობლების რეაქციის შემდეგ ჩავწვდი, რამდენად დიდი ბედნიერება იყო. მუშაობის პროცესი სასიამოვნოც იყო და სტრესულიც. ეს იყო პირველი სრული კაბა, დანარჩენი, ქვედაბოლოები და მსგავსი რამეები შევკერე, რაც პარიზში გაემგზავრა. სილიასთანაც თვენახევრის წინ დავიწყე მუშაობა”, - ამბობს ზუგდიდელი ოსტატი.

მაკამ თავად ჩვენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა გვეუბნება, რომ ის ნერვიულობა, რაც კაბის შექმნას და წარდგენას ახლდა, ახლა უფრო გაუმძაფრდა.

ზუგდიდელი დიზაინერი, რომელმაც საკუთარ ქალაქში “Kere house” შექმნა, საცხოვრებლად და სამუშაოდ საბერძნეთში, დაახლოებით, 6 წლის წინ წავიდა. მის ნამუშევარს, რომლითაც პარიზში მაღალი მოდის ჩვენებაზე ბერძენი დიზაინერის სილია კრიტარიოტის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ნაომი კემპბელმა გახსნა, დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა.
Print