ახალი ამბები
მეუბნებოდა, შუბლს გაგიხვრეტო - ხობში სიცოცხლის მოსპობისა და იარაღის შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მეზობლების წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იარაღის ფლობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, დაკავებული 75 წლის მამაკაცი წლების განმავლობაში თვითნებურად ისაკუთრებდა და იყენებდა მეზობლების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, მოსახლეობა კი თავს არიდებდა მასთან კონფლიქტს, რადგან შურისძიების ეშინოდა.

როგორც დაზარალებული თამარ ქარაია ამბობს, მამაკაცი პერიოდულად ემუქრებოდა მის ოჯახსაც, თუმცა ბოლო კონფლიქტისას ის "შუბლის გახვრეტით" დაემუქრა. მუქარა კი ქალმა ჩაიწერა და ადგილზე პოლიციას გამოიძახა. მოგვიანებით, მისი სახლის ჩხრეკისას იარაღი ამოიღეს.

"ის ამბობდა, მე შეურაცხადი ვარ და პოლიციამ რომც დამაკავოს, მალევე გამათავისუფლებენო. ასევე, სასამართლოზე აღიარა მუქარა და თქვა, რომ სურვილის შემთხვევაში, 9-ჯერ მომკლავდა.   მოვითხოვ, მისი მაქსიმალური ვადით დასჯას. საზოგადოებას კი ხმის ამოღების არ უნდა შეეშინდეს. სასამართლოსთან დაკავშირებით, მათი მხრიდან იყო განწყობა, რომ მას გირაოთი გაათავისუფლებდნენ. პროკურატურამ, თავის მხრივ, რეაგირება უნდა მოახდინოს დანაშაულის არსებობის შემთხვევაში", - თქვა რესპონდენტმა.

ქარაიას თქმით, 15 თებერვლის ინციდენტის შემდეგ, მისი დედა შეუძლოდ გახდა და ამჟამად, მძიმე დიაგნოზებით,  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

დაკავებულის სასამართლო პროცესი ფოთში გაიმართა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 151-ე და 236-ე მუხლებით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
Print