ახალი ამბები
”გაზპრომის” სტრუქტურამ აფხაზეთის გაზიფიკაციის სქემა მოამზადა , - ბჟანია
სოხუმი მოსკოვთან აწარმოებს მოლაპარაკებებს გაზიფიცირების საკითხზე. ამის შესახებ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ „ტასს“ განუცხადა.

”გაზპრომის” სტრუქტურამ მოამზადა გაზიფიკაციის სქემა და მიუთითა ჩვენთვის შეერთების წერტილები და პუნქტები, სადაც შესაძლოა განთავსდეს გაზზე დაფუძნებული ელექტროენერგიის წარმოების სადგურები. ახლა ეს გეგმა პრაქტიკულ სიბრტყეში უნდა გადაიზარდოს” ,- განაცხადა ბჟანიამ.

მან გამოცემას უთხრა, რომ ენერგომომარაგების მხრივ, "რესპუბლიკაში პრობლემები არსებობს, რომელთა გადაწყვეტასაც რუსეთის დახმარებით ცდილობენ.

„9 თებერვალს მივიღეთ ხელშეკრულება გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიაზე, რომელსაც აფხაზეთი უსასყიდლოდ მიიღებს. ნათელია, რომ ეს განუსაზღვრელი ვადით არ შეიძლება მოხდეს. აუცილებელია ზომების მიღება საკუთარი ენერგიის წყაროების აღსადგენად“, - ამბობს აფხაზი ლიდერი ინტერვიუში.

თებერვლის დასაწყისში კომპანია "ჩერნომორენერგომ" განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, "აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკი ამოქმედდება". მათივე მონაცემებით, 2023 წელს რესპუბლიკამ მოიხმარა დაახლოებით 2,6 მილიარდი კვტ/სთ, მათ შორის, ენგურჰესიდან - 1 მილიარდ 817 მლნ კვტ.სთ, რუსეთის ფედერაციიდან - 789 მლნ კვტ.სთ.

"ჩერნომორენერგოს" განმარტებით, ზამთრის პერიოდში დეფიციტის შევსებას ვერც ენგურჰესის ხარჯზე შეძლებენ, ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო.

უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.

Print