ახალი ამბები
ბალდის კანიონის ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება შეფასდება - დაცული ტერიტორიების სააგენტო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია ადგილზე გაეცნობა და შეაფასებს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენას. ამის შესახებ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე ცნობით, ბალდის კანიონზე, კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გეგმავენ ჩასვლას.

"სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის განვითარების პროექტს, უკვე არაერთხელ დაფიქსირდა დესტრუქციული ქმედება. მათ შორის, ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლის დროს და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმურ ღონისძიებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნულ პროექტთან. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას", - აცხადებს სააგენტო.

მათივე განმარტებით, ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში და აღნიშნული პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

თვეებია, ბალდელების ნაწილი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და კანიონის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. 


ამავე თემაზე:

"კანიონ 350"-ის წინააღმდეგ გამოწერილი ექვსი ჯარიმა სასამართლომ გააბათილა
Print