ახალი ამბები
ხობის მერიის 10 818 151 ლარის ტენდერი სენაკის მერის ბიძის კომპანიამ მოიგო
2024 წლის 17 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის 6 სხვადასხვა დასახლებაში გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, ერთადერთმა პრეტენდენტმა, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია - სს "არქეოპოლისმა" გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება ( 2021 წლის პირველი იანვრიდან) და გაწეული სამუშაოების ღირებულება უნდა ყოფილიყო არანაკლებ 32 454 453 ლარისა.

ამავე ინფორმაციით, ტენდერში კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა ემთხვევა მის სავარაუდო ღირებულებას.

სატენდერო კომისიის ოქმში წერია, რომ მათ განიხილეს "დაბალფასიანი წინადადებების მქონე პრეტენდენტის ს/ს არქეოპოლისის" მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამებოდა ელექტრონული სატენდერო განცხადების მოთხოვნებს.

კერძოდ, პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ მოთხოვნა სრულყოფილად არ იყო მოცემული. ასევე, ლიცენზიის, აკრედიტაციის, სტანდარტის, ხარისხის შესაბამისობისა და გეგმა- გრაფიკის დოკუმენტაცია (თანხისა და წლის მიხედვით) არ იყო წარმოდგენილი, რაც კომპანიამ მხოლოდ მოგვიანებით დაამატა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აცხადებენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხობის მერია ცდილობს, რამდენიმე დასახლებაში გზების რეაბილიტაცია ერთი ტენდერით შეისყიდოს, რაც აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას.

"მოვუწოდებთ ხობის მუნიციპალიტეტის მერიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული ტენდერი, ექვსივე დასახლებაში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადოს ცალ-ცალკე, სატენდერო პირობები კი ჩამოაყალიბოს იმდაგვარად, რომ მომსახურების მიმწოდებელი კომპანია კონკურენციის პირობებში შეირჩეს", - წერს ორგანიზაცია.

რადიო "ათინათი" დაუკავშირდა გამარჯვებულ კომპანიას, თუმცა მათ არ ისურვეს აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება.

ხობის მერიის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ ტენდერი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გამოცხადდა და სატენდერო პირობები მორგებული არ ყოფილა არცერთი კომპანიის ინტერესებზე.

"ერთგვარი სამუშაოების დაჯგუფება მიღებული პრაქტიკაა შესყიდვებში და მას ხშირად იყენებენ შემსყიდველი ორგანიზაციები.

ხოლო, რაც შეეხება ანალოგიის პრინციპს - აღნიშნულის დაანგარიშება ხდება შესაბამისი ფორმულით, სადაც გათვალისწინებულია ვადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება და სხვა მაჩვენებლები.

მოვუწოდებთ საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს მეტი კომპეტენცია გამოიჩინონ და ნუ ახდენენ ტყუილის ტირაჟირებას", - განმარტავენ მერიის წარმომადგენლები.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მისთვის განკუთვნილი გრაფიკის მიხედვით, ხარისხის საგარანტიო ვადა კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლით განისაზღვრა.
Print