ახალი ამბები
წალენჯიხაში მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
წალენჯიხის მერიის ქონების მართვის უფროსი თ.მ. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დღეს დააკავეს.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ის სამართალდამცავებმა მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს.

ამ წუთებში დაკავებული წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი. დაკავების ფაქტი დაგვიდასტურა წალენჯიხის მერის მოადგილემ ვანო ბურდულმა. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ თ.მ. მერიაში ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა.

"ჩვენთვის ჯერ არ განუმარტავთ, ამიტომ ვერ დაგიდასტურებთ, კონკრეტულად, ბრალდების სახეობას, სავარაუდოდ, საუბარია ქრთამზე. ის, დაახლოებით, 40 წელი მუშაობდა მერიაში და ძალიან გამოცდილი თანამშრომელი იყო. ძალიან სამწუხარო ფაქტია. წესით, ხვალ ყველაფერი უნდა დაზუსტდეს, ჩვენ გამოვითხოვთ ინფორმაციას", - თქვა რესპონდენტმა.

წალენჯიხის საგამოძიებო ორგანოებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებიათ.
Print