ახალი ამბები
ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონეებს ფულად კომპენსაციას გადასცემენ - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

ამავე ცნობით, კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესი 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.

მას მიიღებენ ის პირები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში და უარი არ უთქვამთ ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე.

"ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.

კომპენსაცია არ გაიცემა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.

კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო", - მითითებულია ინფორმაციაში.

სააგენტოს განმარტებით, გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში იღებს.


Print