ახალი ამბები
სენაკზე მუსიკალური კლიპის გადასაღებად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 89 680 ლარი დაიხარჯება - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტმა კლიპის გადასაღებად ბიუჯეტიდან 89 680 ლარი გამოყო.

ამავე ცნობით, მუნიციპალიტეტმა მომსახურება 2023 წლის 25 დეკემბერს გამარტივებული წესით შპს "20 Steps Production"-ისგან შეისყიდა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ვლადიმერ კაჭარავაა.

"კომპანია მხოლოდ გამარტივებულ შესყიდვებს იღებს. მას დღემდე 923 872 ლარის ჯამური ღირებულების 7 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. აქედან, 710 640 ლარის ღირებულების 4 ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან 2020-2022 წლებში გააფორმა.

კლიპის მუსიკალურ ნაწილში ძირითადად ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს" წარმომადგენლები მონაწილეობენ", - წერს ორგანიზაცია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აღნიშნავენ, რომ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა ხელს უშლის ჯანსაღ კონკურენციას და ზრდის კორუფციის რისკს.

TI მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიძიოს ამ გამარტივებული შესყიდვის მიზანშეწონილობა.

სენაკის მერიამ გასულ წელს მუნიციპალიტეტზე ვიდეო რგოლის გადასაღებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო, სადაც მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა ინდ. მეწარმე თამთა გაბრიჭიძემ (mail box) მიიღო. მან მერიას აღნიშნული მომსახურების საფასურად 91 500 ლარის გადახდა შესთავაზა.
Print