ახალი ამბები
ქრთამის აღებისთვის დაკავებულ წალენჯიხის მერიის თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი", - აცხადებს პროკურატურა.

ამავე ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი 26 თებერვალს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე :

წალენჯიხაში მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

ეს გახლავთ ამ წლებში ერთეული, ერთადერთი ფაქტი - წალენჯიხის მერი ქრთამის აღებისთვის დაკავებულებზე
Print