ახალი ამბები
თბილისში 22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ბრალდებული პირი რამდენიმე საათში ზუგდიდში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს", - წერს სამინისტრო.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print